დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია – ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას, -ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანცხადა, რითაც გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ბინები, სარდაფები და კერძო ავტომობილები დაზიანდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. თუ კი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამოცვლით იწყება.
„რაც შეეხება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციას, ცხადია, ეს მხოლოდ GWP-ს არ ეხება. არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას და შემთხვევით არ არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2017 წლიდან რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, მაშინდელი მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რომ შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. რა თქმა უნდა, თბილისი უძველესი ქალაქია, არის პრობლემა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ხშირად, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოებს, რეაბილიტაციებს და პირველი კომუნიკაციები კეთდება, ეს გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს საზოგადოებაში, დისკომფორტიც ახლავს ამას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ამ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები, როდესაც შევდივართ კონკრეტული გამზირების ან ქუჩების რეაბილიტაციით, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში მოგვყვება კომპანია GWP და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
