რუმინეთში, 18 ნოემბრის ღამეს, ვრანჩის სეისმურ ზონაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
რუმინეთის გეოფიზიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა 120 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) მიწისძვრის სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდად შეაფასა, სიღრმე კი – 140 კილომეტრად.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბუზეუს ჩრდილო-დასავლეთით, 65 კილომეტრში, ხოლო ნერეუს სამხრეთ-დასავლეთით, 13 კილომეტრში მდებარეობდა.
რუმინელი სეისმოლოგების შეფასებით, ეს ბოლო წლების ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. უფრო ძლიერი მიწისძვრა, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის, ბუზეუს ოლქში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.
შვიდ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათგან ერთმა შენობიდან გაქცევის მცდელობისას თავის ტრავმა მიიღო, დანარჩენს კი პანიკური შეტევა ჰქონდა.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მატერიალური ზიანი არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
