Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენ ვერ გავაფართოებთ ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს, რომ ავტომობილების მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ – ესტაკადებითა და გზების გაფართოებით საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ – კახა კალაძე

November 17, 2026
ჩვენ ვერ გავაფართოებთ ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს, რომ ავტომობილების მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ – ესტაკადებითა და გზების გაფართოებით საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ – კახა კალაძე

ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს – სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს. ამის მაგალითებად თბილისის მერმა, გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძი და აღმაშენებლის ხეივანი დაასახელა.

„გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძზე არსებული ესტაკადების მიუხედავად, ავტომობილების გაზრდილი ნაკადის პირობებში მოძრაობა კვლავ ფერხდება. აღმაშენებლის ხეივანზეც კარგად ჩანს, როგორ შეიძლება ფართო გზიდან შედარებით შეზღუდული გამტარუნარიანობის მონაკვეთზე გადასვლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ უნდა აშენდეს. სადაც კონკრეტული პროექტი აუცილებელ სატრანსპორტო კავშირს ქმნის და მისი ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება, ასეთი პროექტები უნდა განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არა უსასრულოდ მეტი ავტომობილის გატარება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის უმთავრეს პრიორიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მერის ინფორმაციით, 2017 წლიდან დედაქალაქში სრულად განახლდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი და ამჟამად მგზავრებს 1 059 თანამედროვე ავტობუსი და 1 000 მიკროავტობუსი ემსახურება. დამატებით 200 ავტობუსის შესაძენად მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს, პარალელურად კი ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელის შეკვრა იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დაწყებულია ტრამვაის პროექტის განხორციელების პროცესი, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის შემოვლითი გზების პროექტთან დაკავშირებით.

„გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. კარგად გვესმის, რომ გადაადგილების ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. არც ის გვგონია, რომ ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით თბილისის სატრანსპორტო პრობლემები მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას, სწორ დაგეგმვას და საზოგადოების ჩართულობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია არსებულ გამოწვევებს ხედავს და მათი მოგვარების გზებზე მუდმივად მუშაობს.

„ერთი რამ ცხადია – თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა – ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  • საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge