„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მის პარტიას არასდროს მოუთხოვია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავაჭრო ტიპის სანქციების ორ მხრივ რეჟიმში დაწესება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “ლელო-ძლიერი საქართველოს” მოთხოვნა იყო, საერთაშორისო სანქციების დაცულობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყანა არ გახდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის სივრცე.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უარყო საქართველოს ევროპული გეზი.
“ქართული ოცნების რეჟიმმა თავის დროზე ხელი მოაწერა ყველა იმ დოკუმენტს, რასაც საქართველოს წაიყვანდა ევროპული კავშირისკენ, შემდეგ ადგა და უარყო ეს ყველა დოკუმენტი. უარყო, საქართველოს ევროპული გეზი და დღეს ჩვენდამი აყენებს ბრალდებას, ამ დოკუმენტებისა და ამ სულისკვეთების ერთგულების გამო, ასე რომ, თუ რაიმე არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ან უკუღმართი – ეს არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოზიციები არის თანმიმდევრული და გამართული. ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ, სანქციების განხილვის დროსაც. „ლელოს“ თავიდანვე ჰქონდა სრულიად თანმიმდევრული პოზიცია, ეს იყო საერთაშორისო სანქციებთან ევროპული კავშირის, მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთების მოწოდება და ამავე დროს, ორმხრივი სანქციების არ დაწესება.
რაც შეეხება საქართველოს დაცვის აქტს, რომელსაც ციტირებს, რეჟიმის პროპაგანდა, საქართველოს დაცვის აქტი არ წარმოადგენს სასანქციო ზომებს, ეს არის სუვერენული სახელმწიფოა მიერ მისაღები ზომები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არა აქვს სანქციებთან და სავაჭრო სანქციებთან მითუმეტეს. არასდროს მოგვითხოვია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავაჭრო ტიპის სანქციების ორმხრივ რეჟიმში დაწესება, ჩვენ მოვითხოვთ, საერთაშორისო სანქციების დაცულობას და იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველო არ გახდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის სივრცე”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
