საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის – ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალუ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც ევროკომისარი ხაზს უსვამს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებადობა კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მას გარკვეული პირობებიც ახლავს.
„გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს”, – აცხადებს გახარია.
მისი თქმით, ილუზიური რწმენა, რომ „მათ არ შეუძლიათ საქართველოს გვერდის ავლა და საბოლოოდ მოუწევთ ჩვენი ისეთების მიღება, როგორებიც ვართ“, რეალობას უგულებელყოფს.
„ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მტკიცე მხარდაჭერას ეფუძნება; თუმცა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოქმედოს და შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული მკაფიო მოთხოვნები. საგარეო პოლიტიკა წყენის გულში ჩადებას არ გულისხმობს, მისი მიზანი ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის დაცვაა. იზოლაციონიზმი მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება, ვისაც საქართველოს დასუსტება სურს”, – წერს გახარია.
