ბიძინა ივანიშვილზე სანქცია რით ვნებს ამ ქვეყანას?! – ხელისუფლება არ არის სახელმწიფო!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის კითხვას უპასუხა.
კერძოდ, მოსამართლემ ნიკა გვარამიას ჰკითხა: „სად გადის ზღვარი ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორს?, რაზეც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური შინაარსის რა ქმედებაც არ უნდა განახორციელო, ამის ატრიბუცია პარტიასთან, სანქციის კუთხით, სრულიად გამორიცხულია, თეორიულადაც კი“.
ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციური ამომრჩევლიდან არავინ აიგივებს მმართველ პარტიას საკუთარ სამშობლოსთან – საქართველოსთან.
„ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. ხელისუფლების წინააღმდეგ რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამის ატრიბუცია პარტიასთან სანქციის კუთხით სრულიად გამორიცხულია, თეორიულადაც კი. რაც შეეხება ავნო თუ არა – მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას?! ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან აქ და უნდათ, უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები]. ეს არის მართლა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, თუ მართლა მაგაში შევალთ. პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალპარტიულობაზე?! სხვათა შორის, იქ პარტიის მუხლიც არის. ხელისუფლების წყარო რომ ხალხია, იმის შემდეგ მუხლში წერია, რომ ხალხის პოლიტიკურ განწყობებს პარტიები აყალიბებენ. მაინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტიები ჩამოაყალიბებენ?! გუშინ ერთ პარტია დაფუძნდა და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთება, რადგან ძალიან მემარცხენეები არიან. მხოლოდ ამის გამო, თორემ რამდენიმე ადამიანი ძალიან სასიამოვნოა იქ. რომელი პარტიები განსაზღვრავენ ძალაუფლების განმსაზღვრელი წყაროსთვის პოლიტიკურ ორიენტირებს? მარტო „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში?! ეს არის კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისი, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს?! ზუსტად ეს არის დარტყმა დემოკრატიაზე და კონსტიტუციურ წყობილებაზე. პარტია და პირველ რიგში, ოპოზიციური არის კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული ინტერესი. თუ ვინმეს არ სჯერა ნახოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, მე-3 მუხლთან ბმაში. ეს არის სინამდვილეში დემოკრატიის და კონსტიტუციური წყობილების ინტერესი და არა ის, ვიღაცას სანქცია უნდა დაედოს, თუ არ უნდა დაედოს.
მე ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება მაქვს, ჩემი შეფასება მაქვს და ვერავის ვაიძულებ, რამე გააკეთოს. დიახ, ოპოზიციური ამომრჩევლის უზარმაზარი უმრავლესობა, თუ ყველა არა, მოითხოვს, რომ პარტია, რომელიც მათ შორის, ამ სარჩელს შემოიტანს, ყველა ვითარებაში იყოს შევიწროებული. და დიახ, ოპოზიციური ამომრჩევლიდან არავინ აიგივებს მმართველ პარტიას საკუთარ სამშობლოსთან – საქართველოსთან,“ – განაცხადა გვარამიამ.
