კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლები გასაუბრების მიზნით შევიდნენ.
აღნიშნული გასაუბრება ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება, რომელშიც ყოფილი პრემიერი სავარაუდო ზეწოლაზე, შანტაჟსა და იძულების ფაქტებზე საუბრობს.
როგორც ღარიბაშვილთან შესვლამდე ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი გიორგაძემ განაცხადა, ყოფილ პრემიერთან გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება.
„საქართველოს პროკურატურაში შემოსულია წერილობითი მოთხოვნა გარკვეული ინფორმაციით, თუმცა, ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც შევდივართ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ შევდივართ გასაუბრების მიზნით, უნდა გავესაუბროთ ირაკლი ღარიბაშვილს. ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყება-არ დაწყების საკითხი. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის, შევალთ, გავესაუბრებით და დამატებით შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
