დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება. მისი თქმით, სასულიერო პირებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ახალგაზრდებში ნარკომანია, ემიგრაცია, ქართული მიწების გასხვისება და აზარტული თამაშებით გამოწვეული ოჯახური ტრაგედიები. დეკანოზის განცხადებით, ამ პრობლემების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“მივესალმები საზოგადოებას – მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის თავს და რომლისთვისაც ეპისკოპოსის თუ მღვდელმსახურის მხრიდან მხილება მიუღებელია ამბიონიდან. უპირველეს ყოვლისა, მინდა შევახსენო ყველას, რომ ამბიონი არის ის ადგილი, საიდანაც გაისმის ღვთის სიტყვა და ერის და ხელისუფლების მოწოდება და მხილება არაეკლესიური ქმედებების წინააღმდეგ.
ამჯერად მინდა შევეხო მეუფე იობის ქადაგებას. რა თქვა მეუფემ თავის ქადაგებაში, რას შეეხო იგი? რაც ყველას არ სტკივა დღევანდელ ყოფიერ ცხოვრებაში: არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან?
არ ივსება მათი ადგილი უცხო ტომელებით? არ იყიდება ქართული მიწები? კაზინოები, რომელსაც ამხელა რეკლამა უკეთდება არ ანგრევს ოჯახებს, არ აგდებს მშობლებს და მათ ახლობლებს განსაცდელში? და ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე? მთავრობამ, ალბათ დამეთანხმებით.“ – განაცხადა სანზონის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ ბულაშვილმა
