საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის მე-5 ტურში უნგრეთს უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა აქტიური შეტევით დაიწყეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს მეტოქის კართან, მე-9 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა გიორგი მიქაუტაძეს, თუმცა “ვილიარეალის” თავდამსხმელმა ვერ შეძლო ამ მომენტის გამოყენება.
პირველი ნახევრის მიწურულს ლუკა ლოჩოშვილმა შეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ნაკრების მე-4 ნომერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მატჩის მეორე ტაიმში სტუმრები მეტად გააქტიურდნენ, რასაც გოლი მოჰყვა და 73-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის კუთხურიდან მოწოდებული ბურთით უნგრეთის ნაკრები დაწინაურდა, ბურთს თავით როლანდ შალაი დახვდა, თუმცა დარტყმული ლაშა დვალს მოხვდა და საქართველოს ნაკრების კარში აღმოჩნდა.
“ჯვაროსნები” ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, 85-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილი მეტოქის კართან წაიქცა, თუმცა ამას მსაჯის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, უნგრეთმა კი აღნიშნული მომენტი შესანიშნავად გამოიყენა და კონტრშეტევაზე დომინიკ სობოსლაის გადაცემით ბარნაბას ვარგამ მასპინძლების კარი აიღო.
საბოლოოდ, მატჩი უნგრელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 5 ოფიციალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ხოლო მოუგებელი სერია უკვე 9 მატჩს ითვლის.
წინ ერთა ლიგის დასკვნითი შეხვედრაა, რომელსაც რამაზ სვანაძის გუნდი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
