“დიახ, ბატონო მოსამართლე, ზუსტად ასევე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ” – ასე პასუხობს ციხიდან ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს, რომელმაც სხდომაზე კოალიცია “ცვლილებისთვის” მისამართით თქვა: „თქვენს პარტიაში, ერთი ლიდერი არის,რომელიც დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“.
დროას ლიდერი მიმართავს მოსამართლეთა პლენუმსაც და პირდაპირ ეუბნება, რომ მათი განხილული საქმის ყურებისას “გული უკვდება”.
პოლიტიკოსი, რომელიც კალაძის ბანერზე ფლომასტრით დატოვებული წარწერის გამო გაასამართლეს, მოსამართლეეებს ეკითხება, რატომ არ წუხდებიან იმ ფაქტების გახსენებით, რომელიც მისი თქმით, გასახსენებლადაც კი შემზარავია: ხოშტარია იხსენებს – ხაბეიშვილის ცემის, გავრილოვის ღამის და უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებს.
“მაკო გომურის თვალების დათხრამ, გავრილოვის სკამში ჩასმამ ან ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა – შეურაცხყოფილი რომ ყოფილხართ „ვეტინგის“ სისტემით” – ეკითხება მოსამართლეებს ხოშტარია.
“გული მიკვდება, ოღონდ, გული მიკვდება იმაზე კია არა, რომ პარტიებს აკრძალავთ ან დანაშაულს ჩაიდენთ, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ, სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ, ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. ტყუილის თქმის ეს სიმსუბუქე, თამაშის ეს მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის.
თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენ თავს, თქვენ ახლობლებს, თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით, რომ იძახით „ქვის სროლა და „მოლოტოვის“ სროლა, განა გაგებულა? ეს ძალადობა არ არის?“, ამას, რომ იძახით, ძალიან დიდი ბოდიში, ასე რომ შეწუხებულხართ, თქვენ, წლების განმავლობაში, ჩვენი ასი ათასი მოქალაქის ფონზე, რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ჯერ ამ კითხვას მინდა გასცეთ პასუხი. რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად. მეორე მხრივ, რაები დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ, დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ.”
