Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გულბაათ რცხილაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს – გზავნილში მამუკა მდინარაძეს ახსენებს

November 13, 2026
გულბაათ რცხილაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს – გზავნილში მამუკა მდინარაძეს ახსენებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და იმ ბრალდებაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით “იურიდიულად სრულად გააქარწყლა – ჯაშუშობას ჩემი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია“.

ამავე წერილში რცხილაძე მამუკა მდინარაძეს ახსენებს და საკუთარ პატიმრობას, სწორედ მას აბრალებს.

“გენერალსიმუსს ჩემმა ცოდვამ სულ თვენახევარში უწია, ივანიშვილმა დიდი სიმაღლიდან გადმოაგდო“,– წერს ის.

 

მოგესალმებით გლდანის ციხიდან, 2 კაციანი კამერიდან, არაუმეტეს 14 კვ.მ ფართობისა, სადაც „შკონკიდან“ წამოდგომისას, წინ გადასადგმელად მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომ კედელს შუბლით არ შეეჯახოს კაცი. მაგრამ ამ სივიწროვესაც ვუძლებ, ღვთის მადლით, ისევე, როგორც ვუძლებ უამრავი მნიშვნელოვანი წვრილმანის დეფიციტს, მ.შ. დეზინფექციისა და პირადი ჰიგიენის საკითხებში, რაც ამ 21-ე საუკუნეში ნაცრეჟიმის მიერ აგებულ ამ მ-20 საუკუნის ტიპის ციხეს თავისთავად ახლავს თან. მაგრამ ყოფით პრობლემებზე საწუწუნოდ არ ვწერ ახლა, ციხის ყოფის აღწერას შემდგომშიც შევძლებ.

პირველ ყოვლისა, უდიდეს მადლობას მოვახსენებ ყველა ჩემს მეგობარს და ნათესავს, ვინც გამომეხმაურა, გულისტკივილი გამოხატა, დამიცვა, სანთელი დამინთო, მატერიალური დახმარება გამიწია თუ ჩემს ოჯახს მიუსამძიმრა მამაჩემის გარდაცვალება და, ზოგადად, გვერდში დამიდგა. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მყავხართ. არ დავიწყებ თქვენს ჩამოთვლას, მაინც გამომრჩება და არ იქნება ლამაზი. ღმერთი ყველაფერს ხედავს და კეთილსაც და ბოროტსაც მიუზღვავს იმას, რაც ეკუთვნის.

შევეცდები, საზოგადოებას გავაგებინო ჩემთან დაკავშირებული მდგომარეობა ისე, რომ ამ ძალად გასაიდუმლოებული საქმის გაუთქმელობის ვალდებულება არ დავარღვიო. სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, დარჩა მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა ბრალდების და დაცვის მხრიდან. ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდება იურიდიულად სრულად გავაქარწყლე – ჯაშუშობას ჩემი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია (მედავებიან ს/ს კოდექსის 314-ე მუხლის 1-ლ პუნქტს – „ჯაშუშობა“, რასაც ავტომატურად თან ერთვის 307-ე პრიმა მუხლი – „სამშობლოს ღალატი“). საქმე ის გახლავთ, რომ ბრალდების მხარე, სასამართლოს წინაშე, არაერთხელ დაეთანხმა, რომ:

1. მე არ მქონია წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე და არც მათი მოპოვება მიცდია, არც სხვა რაიმე საიდუმლო გადამიცია ვინმესთვის;

2. არ მყოლია ინფორმატორები, არ შემიქმნია მსტოვართა ქსელი;

3. საერთოდ არ გავკარებივარ სახელმწიფო ორგანიზაციებს და 2003 წლიდან მაქვს დასრულებული მუშაობა სახელმ. სტრუქტურებში;

4. არავისთვის მომიპარავს რაიმე ტიპის ინფორმაცია, არავინ მომისყიდავს, დამიშანტაჟებია, მიიძულებია ან მომიტყუებია. საერთოდ არანაირი კანონი არ დამრღვევია, ვინაიდან ჩემს ანალიტიკურ საქმიანობაში ვსარგებლობდი ღია, ლეგალური საინფორმაციო წყაროებით.

ვიმეორებ: ამას მიდასტურებს პროკურატურაც. მაშ რას მედავებიან? 314-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მეორე ნაწილი ჯაშუშობას დამატებით განსაზღვრავს, რომ იგი „აგრეთვე“ არის „საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“. აი, ამ „სხვა ინფორმაციას“ არის ჩაჭიდებული ბრალდების მხარე, რომელსაც მე თითქოს უცხოური დაზვერვის დავალებით ვაგროვებდი და გადავცემდი. მე კი მაქვს კონტრარგუმენტი, რომ მე არ მითანამშრომლია, ყოველ შემთხვევაში, შეგნებულად და წინასწარ ცოდნით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მყავს ათეულობით ნაცნობები უცხოელი კოლეგა, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ა.შ. არაერთ მათგანთან წლების მანძილზე მქონია თანამშრომლობა, მ.შ. აზრთა და შეფასებათა გაცვლა-გამოცვლა. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანი სპეცსამსახურების ფარული თანამშრომელი აღმოჩენილიყო. მე რა, ყველას „ქსივა“ უნდა მოვითხოვო და გამოძიება ვაწარმოო, ასეთი ვალდებულება მაქვს? რა თქმა უნდა – არა. ასევე, რა თქმა უნდა, რომ არავის დაქვემდებარებაში 2003 წლიდან აღარ ვყოფილვარ – არც ქართველის და მით უმეტეს, არც უცხოელის. ვიყავი მუდამ დამოუკიდებელი, არ მყოლია არც ზემდგომი, არც კურატორი და არც ხელმძღვანელი. სხვათა შორის, ინფორმაციების შეგროვება-გადაცემაში არასდროს ამიღია ფული, ინფორმაცია არ მიქცევია სავაჭრო პროდუქტად და „პრეისკურანტი“ არ მქონია დაწესებული. მე ვმუშაობდი ღიად, ვატარებდი საჯარო ღონისძიებებს – თქვენ აქედან მიცნობთ. ხოლო ჩემი მუშაობის პროცენტულად იმ მცირე ნაწილში, რომელიც ინფორმაციებთან მუშაობას შეეხება, მე ვწერდი ანალიტიკურ მოხსენებებს სხვადასხვა საკითხებზე, მ.შ. ისეთებზე, რომლებიც საქართველოს და ქართულ რეალობას ნაკლებად ეხებოდა. ჩემს მოსაზრებებზე და ანალიზზე გარკვეული მოთხოვნა უცხოელებში ყოველთვის იყო, ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან, როდესაც გერმანიაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. აი ამ ანალიტიკური მემორანდუმების შედგენაში, ამა თუ იმ უცხო ქვეყნის საელჩო, უფრო ადრე გერმანიაში ყოფნისას – კერძო საკონსალტინგო კომპანია, მიხდიდა ჯამურ ჰონორარებს, როგორც პოლიტოლოგიის დოქტორს, ოთხი ენის მცოდნეს, სპეციალისტს და ექსპერტს გარკვეულ საკითხებში. მაგალითად, 2004 წელს, ჩემმა გერმანელმა კოლეგამ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეში“ გაუშვა განცხადება და თავისი კომპანია, რომლის ძირითადი პარტნიორი მე ვიყავი, სხვას მიჰყიდა, ვინაიდან თავად ბრაზილიაში გადავიდა სამუშაოდ. ნება მიბოძეთ, ოდნავ დავიკვეხნო ეს ფაქტი, ვინაიდან, ისე გამოვიდა, რომ ერთმა ბიზნესმენმა ჩემი მეშვეობით ფული იშოვა, სოლიდური ევროპული გაზეთის მეშვეობით კი, მეორე ბიზნესმენსაც ჩემით აშოვნინა ფული…

თუმცა ბრალდება ასე შორს არ მიდის და გერმანელებთან ძალიან ძველ ურთიერთობას არ მედავება, როდესაც მე, ჩემი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, „ქართულ ოცნებას“ და ბ. ივანიშვილს ვეხმარებოდი ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში – მთელი საგარეო კავშირების გამოყენებით. დიახ, ჩემზე საქმე ამის გამო აღძრა ბაჩანა ახალაიამ, როდესაც ის იყო უშიშროების და შს მინისტრი, თუმცა მის სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ არ დამიჭირა, ვინაიდან დაინახა, რომ „ნაციონალებთან“ თვით მძაფრი დაპირისპირების დროსაც კი კანონი არ დამირღვევია. ყოველ შემთხვევაში, ბაჩანას არ დასცალდა, სამაგიეროდ, ის ძველი საქმე გენერალსიმუსმა მდინარაძემ, ოდესღაც იმავე ახალაიას ვექილმა „გამიცოცხლა“ და დამიჭირა კიდეც. ის, რაც ახალაიამ ვერ მოახერხა ან არ იკადრა, მოახერხა და იცოდა „მამუ“-მ – ერთი დარტყმით მოსპო ჩემს მიერ წამოწყებული უნიკალური პროექტი ქართულ-პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც საქმით უწყობდა ხელს მშვიდობას და დაახლოებას საქართველოსა და რუსეთს შორის. გენერალსიმუსს ჩემმა ცოდვამ სულ თვენახევარში უწია, როდესაც იგი ბიძინა ივანიშვილმა დიდი სიმაღლიდან გადმოაგდო, თან ისე, რომ თავისიანების გასალანძღიც გახდა, თუმცა ჩემი საქმის განადგურება უკვე მოსწრებული ჰქონდა.

მივუბრუნდები ჩემდამი ბრალდებას 314/1-ის კონტექსტში, ამ მუხლის ზემოთ ნახსენები ჩანაწერიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ვალდებულია, ჩემ მიერ უცხოელ მზვერავთან განზრახ ურთიერთობასთან ერთად, დაამტკიცოს, რომ მე რაღაც ინფორმაციებს საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოდ ვაგროვებდი და ვავრცელებდი – ამას ითხოვს კანონის ჩანაწერი. სხვა შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც არ არის მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგოდ, დაწყებული პოლიტიკაზე ჩემი პირადი მოსაზრებებით, დასრულებული სპორტითა და ამინდის პროგნოზით, შეიძლება იქნას შეგროვებული და გავრცელებული ნებისმიერი მიმართულებით – ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი სამოქალაქო პირისათვის, რომელიც არ არის შეზღუდული დამატებითი ვალდებულებებით – ამ თავისუფლებას გვანიჭებს კონსტიტუციის მე-17 მუხლი.

ბუნებრივია, მაშინ, როდესაც მთელი ჩემი საქმიანობით ქართველი ხალხის ინტერესებს ვემსახურებოდი, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რა დავწერე ან გავაკეთე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, მთელ ჩემი კარიერა ამ მართალი საქმის გამო გავიფუჭე (ახლა კი გამოდის, რომ ჩემი თავისუფლებაც შევწირე). მე ვეუბნები ბრალდებას: თუკი ჩემი ინფორმაციები ან ქმედებები მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს დაზვერვას გადავცემ თუ ჩვეულებრივ დიპლომატს – ის ხომ მაინც თავისი ქვეყნის დაზვერვას გასცემს ამ მასალას. შესაბამისად, თქვენ უნდა მედავოთ არა იმაზე, თუ ვისთან მქონდა რაღაც ურთიერთობა, არამედ განიხილოთ, თუ რა გავაკეთე. მაგრამ ბრალდების მხარე უბრალოდ „გამოჭერაზეა“, მე ვერ შევატყე, რომ მას სურს სიმართლის დადგენა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, პროკურატურას თავად უნდა წაეღო უკან ბრალდება. ყოველ შემთხვევაში, თუ გამომძიებლებს ჰქონდათ რაიმე ეჭვი, რომ მე უკანონობას ჩავდიოდი, ჩემი ელექტრონული ტექნიკისა და ქაღალდების ნაწილის ამოღების შემდეგ, ისინი უთუოთ დარწმუნდებოდნენ, რომ არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ჩემი ქმედებები საქართველოს ინტერესების საზიანოდ არ ყოფილა ჩაფიქრებული და განხორციელებული, არამედ პირიქით. ჩემი მასალებს საქართველოს წინააღმდეგ უცხოეთის დაზვერვა კი არა, ჯოჯოხეთის მაშხალაც ვერ გამოიყენებს.

ასეთი მდგომარეობა სასამართლოში, მეტს ვერაფერს ვიტყვი, კანონს ვერ დავრღვევ და მეტი არც არაფერია იქ საინტერესო, გარწმუნებთ. გარეთ კი რა ვითარებაა, რასაც მე ვხედავ: ჩვენს მიერ ერთობლივად გაშლილ ქართულ-რუსულ სუფრას, მეგობრებო, ვიღაც ვირთხები ეპოტინებიან (ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ვირთხებს). მაგრამ ეს ასე ხდება ხოლმე. ახლა თქვენ უნდა განაგრძოთ დაწყებული დიდი გზის გაფართოება, ვირთხები ამხილოთ და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეთ. ჯერ ვნახო, როგორ გადაწყვეტენ ჩემს ბედს და ისე ვიმოქმედებ. თუ მომცეს 8-12-წლიანი პატიმრობა, მექნება ბევრი დრო წარსულზე სასაუბროდ და ბევრ საინტერესოს გაიგებთ, ვინ რას აკეთებდა და რუსეთი ვის როგორ ეხმარებოდა.

შევეცდები, როდესაც საშუალება მექნება (და თუ ნება დამრთეს), ხანდახან ჩემი შეხედულებები გაგიზიაროთ დიდ პოლიტიკაზე. ახლა მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი თავდაპირველი პროგნოზები ირანის ომთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამართლდა: ირანი, მიუხედავად დიდი დანაკლისისა, დგას როგორც კლდე ადიდებულ ზვირთებში. რეჟიმი ტრამპს და ნეთანიაჰუს ჩამოეშალათ, ნაცვლად ირანის ჩამოშლისა, ირანის წინააღმდეგობამ რაღაც დროით მაინც იხსნა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, ვინაიდან დასავლეთის მორჩილი ირანი სამხრეთ კავკასიას საერთოდ შეუცვლიდა გეოპოლიტიკურ სტატუსს, მისი გაუფასურების მიმართულებით. ახლა კი, ჩვენზე მოთხოვნა ნარჩუნდება, თუმცა მთავარია, თავად როგორ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ გეოპოლიტიკურ სტატუსს.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის! მათ, ვინც პატიმრის ანგარიშზე ფულს მირიცხავთ ხოლმე, გთხოვთ, ნუღარ შეწუხდებით, ჩემი ოჯახის წევრები საკმარისად მეხმარებიან – მადლობა უფალს, შრომობენ და აქვთ შემოსავალი, გამწვდებიან. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ აბსოლუტურად ყველა თქვენგანს!

P.S. გახსოვდეთ: სუს-ს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ნებაყოფლობით მივაწოდე. ჩემი ჩვენების საფუძველზე ვერც ერთ ადამიანს ვერასდროს დაიჭერენ. მტრებმაც მშვიდად იძინეთ. მაგრამ საჯაროდ დაგისახელებთ ერთ-ორ პროვოკატორს, ვისაც უნდა ერიდოთ, – წერს გულბაათ რცხილაძე წერილში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “ოცნების შიგნით ერთმანეთს აღარ ენდობიან” – სალომე ზურაბიშვილი
  • ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge