“ტვ პირველის” ინფორმაციით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილები – რაც შეეხებათ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (კაწრო), ისინი ამ დროისთვის ქსნის მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ყიფიანს და ბილანიშვილს სწორედ ქსნის ციხეში გააცნეს გამომძიებლებმა ახალი ბრალის დადგენილება, რომელიც დავით ფეიქირიშვილის ცემის საქმეს შეეხება.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
