ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან – პროკურატურა “ტვ პირველს” უდასტურებს, რომ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავასთვის ხელბორკილები ჯერ არ დაუდიათ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის ჯერ მხოლოდ ბრალი წარედგინათ.
გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას პროკურატურამ ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე წაუყენეს.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ასევე ბრალი წარედგინათ პატიმრებს ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
როგორც პროკურატურა ამბობს, პატიმრების საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე.
