მოსამართლე ევა გოცირიძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას პარტიების აკრძალვამ – მოსამართლემ “ოცნებას” უთხრა, რომ პარტიების აკრძალვა შესაძლოა ქვეყანაში გააძლიეროს ქაოსი, ქუჩის მოძრაობა, დესტაბილიზაცია და ა.შ.
სიკეთე, რომელსაც მოიტანს აკრძალვა, რატომ სჭარბობს იმ ზიანს, რომელსაც ეს მოიტანს? – ჰკითხა ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.
ევა გოცირიძე: რომ დააკმაყოფილოს სასამართლომ თქვენი მოთხოვნა, ამით რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რა ზიანი შეიძლება მიიღოს? პარტიების აკრძალვის საკითხს უარყოფითი ეფექტის ტესტის საშუალებითაც განიხილავენ ხოლმე და აფასებენ და წონიან იმ გარემოებებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს აკრძალვის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს აკრძალული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო მარგინალიზაცია, რადიკალიზაცია, მათი მხარდამჭერებისთვის ბიძგი უფრო მეტად დაუკავშირდნენ ძალადობრივ ქმედებებს, იატაქვეშეტში გადასვლას, როგორც წესით მიუთითებენ ხოლმე, ამან შეიძლება გააძლიეროს ქაოსი, ქუჩის მოძრაობა, დესტაბილიზაცია და ა.შ. სიკეთე, რომელსაც მოიტანს აკრძალვა, რატომ სჭარბობს იმ ზიანს, რომელსაც ეს მოიტანს?
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საუბარი არის ერთობლივად მათ საქმიანობაზე, რასაკვირველია, ეს მომდინარე საფრთხე და ინტენსივობა კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ ინდივიდუალურად იქნება თუ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ეს საფუძლები ორივე შემთხვევაში არის, უბრალოდ შეიძლება სხვადასხვა დონეზე გაიზომოს.
ევა გოცირიძე: 5 პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში და ქუჩაში გააგრძელეს ბრძოლა თავიანთი ინტერესებისათვის, ასეთ შემთხვევაში ისინი კვლავ იქნებიან ქუჩაში. პირობითად ვამბობ და არა როგორც დამტკიცებულ ფაქტს. თუ აქამდე გარკვეულ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ახორციელებდნენ და არეულობა და რევოლუციის მცდელობები და ა.შ. ახლა მითუმეტეს აღარ იქნება გამორიცხული. რისი აღკვეტა მოხდება, სტატუსი ექნება თუ არ ექნება, საქართველო ამით რას მოიგებს?
თორნიკე ჭეიშვილი: თუკი იქნება ჩადენილი კონკრეტული სამართალდარღვევა, უკანონო ქმედება, ამას მოჰყვება სათანადო სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან.
ევა გოცირიძე: პრინციპული ეს არის, რომ მათ არ გააჩნდეთ პოლიტიკური პარტიის სტატუსი?
თორნიკე ჭეიშვილი: ეს დემოკრატიის პრინციპის კონტექსტში ხომ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ მათ შორის ჩვენი საზოგადოება დავიცვათ იმგვარი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისგან, რომლებიც უპირისპირდებიან ამ დემოკრატიულ წეს-წყობილებას.
