პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო სესიაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, უპასუხისმგებლოა არა პენსიის ზრდის მოთხოვნა, არამედ საპენსიო ხარჯის გაზრდა წელიწადში 2,5 მლრდ ლარით.
„სამწუხაროდ, დაზუსტებებში მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები, თითქოს ვთქვი, რომ პენსიების გაზრდა დააქცევს ქვეყანას. პირიქით, მე ვთქვი, რომ პენსიების გაზრდა აუცილებელია, ბუნებრივია და სწორია, რომ მოთხოვნაა პენსიების ზრდა, ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, პენსიები უნდა იზრდებოდეს. ჩვენი სურვილია, რომ პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს იზრდება, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა. დღეს პენსიების ზრდა ხდება ინდექსაციით, რომელიც გაწერილია კანონში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უნდა დავიცვათ ბალანსი ეკონომიკის ზრდასა და სოციალური ხარჯების ნაწილში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით, პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, თუნდაც ეს ინდექსირებული ვარიანტია. თუმცა, ამისთვის საჭიროა ის, რომ გვქონდეს უფრო მეტი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი კომპონენტი იმისა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პენსიები გავზარდოთ იმაზე მეტად, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული და ინდექსირებული. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ტყუილს ნუ იტყვით და არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ ჩემს განცხადებას პენსიებთან დაკავშირებით. საპენსიო ხარჯი, ის, რაზეც მქონდა საუბარი, რომ არის უპასუხისმგებლო, როდესაც ითხოვთ 2,5 მილიარდი ლარით ერთ წელიწადში საპენსიო ხარჯის გაზრდას – დიახ, ეს უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა, როდესაც მიმდინარე წელს ითხოვთ პენსიების გაზრდას იმაზე მეტად, ვიდრე ბიუჯეტი იზრდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კაპიტალური ხარჯების შემცირების შემთხვევაში ვეღარ დაფინანსდება ის პროექტები, რომელთა დაფინანსებასაც ოპოზიცია ითხოვს.
„საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ. ეს არის სკოლების, ბაღების მშენებლობა, წყლის მიწოდების მშენებლობა, სპორტული, ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ხარჯებისა, არის სწორედ რეგიონებში და შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ ხარჯების მნიშვნელოვნად შეკვეცა. პრაქტიკულად არც ერთი ხარჯის გაზრდა აღარ იქნება შესაძლებელი. არც პოლიციელებისთვის, არც ჯარისკაცებისთვის, არც მასწავლებლებისთვის, არც სამედიცინო პერსონალისთვის. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, რომ ეს იქნებოდა უპასუხისმგებლო საქციელი და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ ჩემს ნათქვამს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
