ქობულეთში გაზქურის აფეთქების შედეგად დაშავებულ დედას სხეულის 45% აქვს დამწვარი – 3 წლის შვილი დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ .
ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარა ტაიმსი” ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დედა-შვილი კლინიკაში თვითდინებით შემოიყვანეს. როგორც ანამნეზით დგინდება, საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა გამათბობლის აფეთქება და სხეულის დამწვრობა. დედის დამწვრობა სხეულის სადღაც 45%-ს შეადგენს. დედა გადაჰყავთ თბილისში, დამწვრობის ცენტრში. ბავშვთან კი მიმდინარეობს პირველადი დახმარების გაწევა, შესაბამისად, გამოძახებულია პედიატრიული კატასტროფის ბრიგადა და მისი გადაყვანაც მოხდება დამწვრობის ცენტრში“ – აცხადებს ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ზურაბ გოგაძე.
როგორც გამოცემა წერს, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური სამსახური. მათი პირველადი შეფასებით, ბუნებრივი აირის მილებსა და მრიცხველზე პრობლემა არ გამოვლენილა. ტექნიკოსების განმარტებით, სავარაუდოდ, გაუმართაობა საცხოვრებელში არსებულ გამათბობელს უკავშირდება, თუმცა მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლის შიდა ნაწილი და დაიწვა გარკვეული ნივთები და ტანსაცმელი.
