მიმდინარე წლის ათ თვეში [იანვარ-ოქტომბერი] საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე “საზოგადოებრივ სამუშაოზე” დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, რომელიც მთავრობამ გააუქმა.
როგორც BM.GE სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 28 625-ით შემცირდა, აქედან 16 494 სწორედ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ; 12 ათასზე მეტი პირი კი, სოცდაუცველების ბაზაში ირიცხებოდა.
რაც შეეხება სოციალური შემწეობის მიმღებთა სტატისტიკას – გასულ თვეში სახელმწიფოსგან დახმარება, ჯამში, 518 490 პირმა მიიღო. აქედან 125 159 დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, რომელიც მიმდინარე წლიდან გაუქმდა, თუმცა სისტემაში კვლავ რჩებიან ის ბენეფიციარები, რომელთაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ კიდევ არ ამოეწურათ.
ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
