თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. დაშავებულია 13 ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს მოხდა. ქარხანაში ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა გაზსადენი, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო და ადმინისტრაციული გამოძიება მიმდინარეობს.
„დადგინდება ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, მისი გარემოებები და პასუხისმგებელი პირების ვინაობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
