თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა შეწყალების შესახებ ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.
ოჯახის წევრები თვეებია ითხოვენ ოფიციალურ სტატისტიკას იმის თაობაზე, თუ სასჯელის რა ნაწილი აქვთ მოხდილი იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც საპატიმროებს შეწყალების აქტის საფუძველზე ტოვებენ.
გარდაცვლილი 17 წლის დათო ნარიმანიძის დეიდის თქმით, უწყებებისგან ფორმალური უარი მიიღო, რაც კონკრეტული არასრულწლოვნების საეჭვო შეწყალების ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს:
დათოს გარდაცვალების შემდეგ დავინტერესდი, ზოგადად, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ანუ სახელმწიფო რა სახის ღონისძიებებს ატარებს. გამოვითხოვე სხვადასხვა დაწესებულებებიდან სტატისტიკური ინფორმაციებს.
იმ პასუხთან დაკავშირებით, რაც მქონდა მოთხოვნილი, ის ნამდვილად არ იყო დაკმაყოფილებული, თუმცა პასუხში წერია, რომ ვინაიდან თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე, აღარ მოხდება საჩივრის განხილვაო და საბოლოოდ, არ მომეწოდა ეს ინფორმაცია. თუ წაიკითხე კარგად საჩივარი და იცოდნენ, რა ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ და არ მომაწოდეს, მაშინ პირადად მე მიჩნდება იმის ეჭვი, რომ ვადაზე ადრე ხომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის შეწყალება. შეიძლება, ამ 10 წლის განმავლობაში ისე მოხდა ამ ორი არასრულწლოვანის შეწყალება, რომლებსაც შეიძლება ნახევარიც არ ჰქონდათ მოხდილი და აქედან გამომდინარე, ამისი ოფიციალურად მოწერისგან თავი შეიკავე, – ამბობს ნარიმანიძის დეიდა.
