ეს არის ანტიქართული რიტორიკის მკაფიო გამოვლინება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობიუროკრატებმა თავი დაანებონ ანტიქართულ რიტორიკას და გაიაზრონ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში „აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ტენდენციურია, განსაკუთრებით კი მიუღებელია „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების კრიტიკა, ვინაიდან სწორედ ეს კანონები უზრუნველყოფს ქვეყანაში გარე ჩარევების მინიმალიზებას“.
„ევროკავშირის ანგარიში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და სრულიად ტენდენციური შეფასება მთელი რიგი საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პოლიტიკური ნაწილი.
განსაკუთრებით მიუღებელია „გამჭვირვალობის“ კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა, ვინაიდან ეს კანონები არის დღეს მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში აგენტურა იყოს შეზღუდული და გარე ჩარევები შიდა პოლიტიკაში იყოს მინიმალიზებული. ამ კანონებმა რეალურად უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში მყარი საფუძვლების განსაზღვრა, რომ გაჯანსაღდეს შიდა პოლიტიკა და ჩვენი პოლიტიკა იყოს უფრო მეტად ჯანსაღი და ასევე მაქსიმალურად იყვნენ შებოჭილი გარე ძალაუფლებისგან დასპონსორებული პოლიტიკური აქტორები. ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ის ძირითადი ნიშნები, რაც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, რომ სუვერენიტეტის ფარგლებში მიიღოს კანონები ან არ მიიღოს კანონები, ეს უფლება შეეზღუდოს სახელმწიფოს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ გააუქმოს კანონები, რომლებიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მიიღოს მათთვის სასურველი კანონები, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ერთგვარი შუა საუკუნეების იმპერიალისტური პოლიტიკის დაბრუნების ნიშნებია. როგორ შეიძლება დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს მისცე მითითება მიიღოს ან არ მიიღოს ესა თუ ის კანონი?
ჩვენ მუდმივად ვისმენთ განცხადებებს ევრობიუროკრატებისგან, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, ხოლო არ უჭერენ მხარს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ანტიქართული რიტორიკის მკაფიო გამოვლინება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობიუროკრატებმა თავი დაანებონ ანტიქართულ რიტორიკას და გაიაზრონ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მიუღებელია ნებისმიერი ასეთი დირექტივები დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს მოთხოვნები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას. ასევე არის მიმართული ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.
