პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება თავისუფლებაზე იყვნენ – როგორც 4 ნოემბერს გორის სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, ყველა პოლიციელი საპროცესოს ითხოვს.
პოლიციელებისთვის შეღავათების დაწესებას ეთანხმება ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა აბისულაშვილი, რომელმაც 4 ნოემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე “ტვ პირველს” უყვება, სხდომაზე აბისულაშვილმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მას პოლციიელებსი მიმართ პრეტენზიები არ აქვს.
27 მაისს გორში მომხდარ ჯგუფურ ანგარიშსწორებაზე 6 პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული – ვლადიმერ გოდერძიშვილი; ვანიკო მისირელი; გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი; ალექსი ბადალოვი; ბესო მალაციძე და საბა წაველიძე.
“დაზარალებული რომ დაიკითხა წინა სხდომაზე, მან თქვა, რომ ბადალოვს საერთოდ არავითარ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა, უბრალოდ იქ იყოო. სხვები დაასახელა კი. ჩემთვსიაც მოულოდნელი იყო ამ ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების ეს გარკვეული ნაწილი. კი ეს დააფიქსირა, რომ თანახმაა დაკავებულებს შეღავათები დაუწესდეს. მან ყველაზე თქვა, რომ მე პრეტენზია არ მაქვს, თუ გინდათ გაუშვით ეს ხალხიო, ჩემი პოზიცია ეს არისო, ყველაზე ეს დააფიქსირა, თუმცაღა ბადალოვზე თქვა, რომ მას საერთოდ დანაშაული არ ჩაუდენია. ყველას მიმართ დააფიქსირა რომ პრეტენზია არ აქვს”, – ამბობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
