შვეიცარიაში ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის იტალიის, ბელგიის და ირანის სამი მოქალაქე გაასამართლეს. დაზარალებული ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც სურდა დუბაში არსებული მისი ბიზნესი, ევროპაში გადაეტანა.
მასშტაბური თაღლითობაც სწორედ დუბაის, ლუგანოს (შვეიცარია) და ლონდონს შორის განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს უკავშირდება. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელის მოხდის შემდეგ ბრალდებულებს, ასევე, შვეიცარიიდან გაძევება დაეკისრათ.
ეს არის განაჩენი, რომელიც ხუთშაბათს მოსამართლე ამოს პაგანამენტამ გამოაცხადა დაახლოებით 60 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (74 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საერთაშორისო თაღლითობის საქმეზე. აღნიშნული თანხიდან დაზარალებულისთვის მხოლოდ 10 მილიონი ფრანკის დაბრუნება მოხერხდა.
შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში საქმიანობდა საქმის მთავარი ბრალდებული — 60 წლის იტალიელი ფინანსური კონსულტანტი, რომელსაც ერთ-ერთი სხვა ბრალდებულის, 51 წლის ირანელის ადვოკატმა „გაყალბების ლეონარდო და ვინჩი“ უწოდა. მესამე ბრალდებული 51 წლის ბელგიელია.
როგორ განხორციელდა თაღლითობა?
შვეიცარული მედიის ინფორმაციით, თაღლითური სქემა 2022-2024 წლებში ლუგანოს, დუბაის, ლუქსემბურგისა და ლონდონის გავლით მოქმედებდა. მის მახეში გაება შეძლებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დუბაიში ცხოვრობდა.
საქმის მასალების მიხედვით, ქართველს სურდა საკუთარი ქონების გადატანა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქიდან ევროპაში, რომელსაც უფრო უსაფრთხო ადგილად მიიჩნევდა.
ამის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ირანელმა ნაცნობმა მას იტალიელი ფინანსური მმართველი გააცნო. იტალიელმა მას ლუქსემბურგში დაფუძნებული საინვესტიციო სტრუქტურა შესთავაზა, სადაც მესამე ბრალდებული, ბელგიელი ბიზნესმენი საქმიანობდა.
თუმცა, ფულის საბოლოო დანიშნულების ადგილი ლონდონში არსებული ფონდი აღმოჩნდა.
საქართველოს მოქალაქეს ეგონა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე ამ ფონდს თავად აკონტროლებდა. სინამდვილეში კი დოკუმენტები ყალბი იყო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი.
ბრალდების მხარის მტკიცებით, სამივე ბრალდებული ამ თანხას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა.
