ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.
„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
„საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, რომელშიც „ფორმულა“ მდებარეობს. თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული და ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, – დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში, ეთერიდან გასვლის შემდეგ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სახანძროები ადგილზე იმყოფებიან.
