აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და ყაზახეთის „ყაზმუნაიგაზმა“ აზერბაიჯანის გავლით, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა განიხილეს.
ინფორმაციას Report კომპანია SOCAR-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
SOCAR-ის პრეზიდენტი, როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, აშხატ ხასენოვს შეხვდა. მხარეებმა SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რაც აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივებს ეხება.
ყაზახეთს ნავთობი გლობალურ ბაზრებზე აზერბაიჯანის გავლით ბთჯ-ის მილსადენით გააქვს. 2022 წელს „ყაზმუნაიგაზმა“ და SOCAR-მა ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ზოგადი შეთანხმება გააფორმეს, ხოლო 2023 წლის მარტში ქაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლით 7000 ტონა ნავთობის სატესტო გადაზიდვა განხორციელდა.
2024 წლის მარტში „ყაზმუნაიგაზმა“ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანზიტის თანდათანობით გაზრდის შესახებ. შეთანხმების თანახმად, მიწოდების მოცულობა წელიწადში 2.2 მლნ ტონამდე გაიზრდება.
2025 წელს ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტმა 1.2 მლნ ტონა შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით 1.16 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი იქნა გადატანილი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.
ამასთან, წელს „ყაზმუნაიგაზი“ ბთჯ-ის მილსადენით 1.7 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
ცნობისთვის: Reuters “ყაზტრანსოილის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იანვარ-სექტემბერში ყაზახეთმა რუსეთის პორტების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი წლიური თვალსაზრისით 44%-ით, ანუ 3.319 მლნ ტონამდე გაზარდა. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში რუსულ მარშრუტზე, ანუ კასპიის მილსადენური კონსორციუმის სისტემით მიწოდება 11%-ით, 44.920 მლნ ტონამდე, ხოლო ნოვოროსიისკსა და უსტ-ლუგას პორტებით 12%-ით, 6.723 მლნ ტონამდე შემცირდა.
თუმცა, Reuters-ის შეფასებით, ყაზახ მწარმოებლებს ჯერ არ აქვთ რუსული მარშრუტის სრულფასოვანი საექსპორტო ალტერნეტივები. კერძოდ, სხვა მიმართულებები, როგორიც თურქეთისკენ ბთჯ-ისა და ჩინეთისკენ ატასუ-ალაშანკოუს ნავთობსადენები, ასევე, ბათუმის პორტი და შუა აზიის ქვეყნებია, მთლიანი ექსპორტის მხოლოდ, დაახლოებით, 6%-ს უზრუნველყოფს.
