ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.
„ბრიუსელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც იკისრა. ამ სახის შეფასებების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო შეიძლება, იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენი პასუხი მკაფიოა, ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში. ამიტომ, ყველაფერი ნათელია, ვინ რა შეაჩერა. საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, „ვეტინგი“ რასაც ნიშნავს, ეს არის უცხოელების მიერ ახალი მოსამართლეების შერჩევა და არსებულიმოსამართლეების გადარჩევა მათი უმრავლესობით, უცხოელების უმრავლესობით. ეს არის სწორედ „ვეტინგი“, რაც საღ აზრს მოწყვეტილია, რომ არაფერი ვთქვათ, სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევაზე. ჩვენ მოწადინებული ვიქნებით, სასამართლო მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გაჯანსაღებული და ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს. იმის იქით, ისეთი უხეში ჩარევა, რომ მათ შეარჩიონ, აირჩიონ და გააძევონ მოსამართლეები, ეს ის წითელი ხაზია, რის გათვალისწინებასაც ამ ფორმით არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.
