პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, სავარაუდო დაზარალებული პოლონეთის 16 წლის მოქალაქეა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
