თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა – ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი.
სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძეც. ის ერთადერთია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიდან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა.
“ერისკაცს გაუმარჯოს” – მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
