მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. შეკრება 18:30 საათზეა დაანონსებული.
აქციის მონაწილეები მიუსაფარი ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას მოითხოვენ.
პროტესტის ტალღა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მძიმე კადრებს მოჰყვა, რომლებშიც დაზიანებული და სისხლიანი ძაღლები ჩანან.
“კანონიერი არაფერი ღამ-ღამობით არ კეთდება ფორმების გარეშე და ქურდულად. მიწაც კი არ ჰქონდათ წესიერად მიყრილი. ბოდიში, მაგრამ მატლებიანი თათი და ბეწვები ცანდა. ძაღლები იყვნენ ისეთ მდგომარეობაში მოკლულები, დაღრეჯილი სახეები მეტყველებს იმაზე, რომ ჰუმანური ევთანაზია ამ ძაღლების არ მომხდარა, ისინი ტანჯვაში მოკვდნენ.
იმის იმედი არ გვაქვს, რომ ექსპერტიზა ობიექტურად ჩატარდება და ჩვენ სიმართლეს დავადგენთ ამით, იმიტომ, რომ სიმართლე ისედაც თვალსაჩინოა. ჩვენ მოვითხოვთ აუცილებლად დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ კიდევ პარალელურად დამოუკიდებლად გაირკვეს რეალური მადგომარეობა ამ ძაღლების.
ასევე დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეცვლილი და გადაყენებული თანამდებოიბებიდან ის პასუხისმგებელი პირები გორის და თბილისი თავშესაფრის” – ამბობს ცხოველთა უფლებამდაცველი.
უფლებადამცველები ასევე თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე დაშვებას და მის საქმიანობაზე სრულ მონიტორინგს ითხოვენ.
აქტივისტების განცხადებით, თავშესაფარი სრულიად გაუმჭვირვალედ ფუნქციონირებს, ხოლო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ევთანაზია კანონდარღვევითა და არაჰუმანური მეთოდებით ხორციელდება.
ცნობისთვის, “შაბათის ეთერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.
რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ – ორ რეისს აკეთებს.
“შაბათის ანონსის” გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა “ძაღლების სასაკლაო და სამარხები” იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს.
