2024 წელს მოკლული მიხეილ ქავთარაძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. დავით გოგიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გოგიძეს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე 18 წლით პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული. ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს თორნიკე გოგიძეს და ოთარ მარანელს კი თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯათ.
„მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მტკიცებულებები და წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
თითოეულ მათგანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განესაზღვრათ 8 წელი თავისუფლების აღკვეთა და 5-5 წელი თავისუფლების აღკვეთა. კონკრეტულად, ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ცნობილ იქნა დამნაშავედ, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა ბრალდებულებს – ორ ბრალდებულს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – აცხადებს პროკურორი ლაშა გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მიშო ქავთარაძე, ვაზისუბანში, ცივი იარაღით მოკლეს, შემთხვევის დროს დაიჭრა მოკლულის მამაც.
