ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რომ დაადგინოს, რომ 2024 წლის არჩევნებში ფარულობა, რაც არჩევნების ფუნდამენტური პრინციპია, დარღვეული იყო, იტყვით, რომ რაკი ბატონმა არჩილმა მიიჩნია, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა და ის ხალხის განწყობებს გამოხატავს?! – თეორიულად როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ არჩევნების მიმართ ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების განწყობები პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს?! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელში ასახულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მანდატების დათმობის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მანდატები რომც დაეტოვებინათ, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული აქტია და პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.
„ხალხის წარმომადგენელი კონსტიტუციითა და კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების ფარგლებს თავად წყვეტს. თუ ეს ანტიკონსტიტუციური აქტია, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ მანდატების შეწყვეტას მხარი?!
რაც შეეხება არჩევნებს, არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არჩევნებმა ისე ჩაიარა, რომ იმ პოლიტიკურ განწყობებს გამოხატავს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ.
მოსარჩელის ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ არჩევნები როგორც კი ჩატარდება, ყველამ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად უნდა მიიჩნიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება. მაშინ რატომ დევს კანონში არჩევნების შედეგების გასაჩივრების მექანიზმი – საუბნო, საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე, შემდეგ უკვე სასამართლოში, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოში?
სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს აღიარებას – ან აღიარე, რომ არჩევნები იყო სამართლიან, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და ზუსტად გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის განწყობებს ან ხარ ქვეყნის დამაქცევარი, რამაც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას შეიძლება შეუქმნას საფრთხე. არჩევნების ერთი-ერთი პრინციპი ფარულობაა. 2024 წლის არჩევნები ფარულობის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რომ დაადგინოს, რომ 2024 წლის არჩევნებში ფარულობა, რაც არჩევნების ფუნდამენტური პრინციპია, დარღვეული იყო, იტყვით, რომ რაკი ბატონმა არჩილმა მიიჩნია, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, ის ხალხის განწყობებს გამოხატავს?! – თეორიულად როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ არჩევნების მიმართ ადამიანების და პოლიტიკური პარტიების განწყობები პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს?!“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე.
