რატომ უნდა იყოს კერძო ფონდის ანგარიშები საჯარო – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის“ კითხვას, “რა აქვს დასამალი ბიძინა ივანიშვილს.“
კობახიძემ ვერ უარყო, რომ საქველმოქმედო ფონდი “ქართუს“ ანგარიშები გასაიდუმლოებულია და მისი მთავარი არგუმენტი იყო – “კერძო ორგანიზაცია არ არის ვალდებული, გაასაჯაროვოს მისი ფინანსური ანგარიშები“.
“კერძო ფონდის ანგარიშები რატომ უნდა იყოს საჯარო. თქვენ გამოხვედით და რუსული კანონი დაარქვით იმ კანონს, რომელიც ითვალისწინებდა ენჯეოების ფინანსების საჯაროობას. აქ საუბარია კერძო საქველმოქმედო ფონდზე, კერძო ორგანიზაციაზე, რომელიც არცერთ ქვეყანაში ფინანსურად საჯარო არ არის. დასამალი რა შუაშია. არის უამრავი კერძო ორგანიზაცია საქართველოში და ისინი თვითონ ახორციელებენ კერძო საქმიანობას. კითხვები შეიძლება თქვენ გიჩნდებოდეთ, მაგრამ კერძო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება ეს”, – ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას მალავს ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე პასუხობს:
“არაფერს არ მალავს, კერძო ორგანიზაციების ფინანსები, პრინციპია მარტივი, რომ არაკერძოსი უნდა იყოს გამჭვირვალე და კერძოსი არ უნდა იყოს. მარტივი საკითხია. თვითონ ეს პროექტებიც, რაც არის, მაგალითად, რომ ავიღოთ პარაგრაფი შეკვეთილში, ან პარაგრაფის სასტუმროები თბილისში, თავისთავად ამასაც აქვს საქველმოქმედო შინაარსი, რომ ავიღოთ შეკვეთილის პროექტი, მთლიანად გურიის რეგიონის და შავი ზღვის პირა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო მასშტაბური პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესებიც სტიმულირებაც მომხდარიყო”, -განაცხადა კობახიძემ.
