ბატონო მოსამართლეებო, 7 ნოემბრის არ დაგმობას გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას – 7 ნოემბრის შემდგომ კახა კალაძე მოუწოდებდა ადამიანებს, 5-იანი შემოხაზეთო, კარგად მახსოვს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება.
სამუშიას თქმით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ შემთხვევაში იმგვარი საკითხების არ დაგმობაზე საუბრობს, რაც რეალურად „ლელომ“ დაგმო, მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის საქმე, სადაც მისივე თქმით, პირადად თვითონ სამართლებრივ დახმარებასაც კი უწევდა „იმედის“ იმდროინდელ ჟურნალისტებს.
„ბატონო მოსამართლეებო, 7 ნოემბრის არ დაგმობას რომ გვედავებიან, წარმოუდგენელ რაღაცას… 7 ნოემბრის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა და იმ პარტიის, რომელსაც ბატონი ოპონენტები წარმოადგენენ, გენერალური მდივანი კახი კალაძე, 7 ნოემბრის შემდგომ, ხალხს მოუწოდებდა 5-იანი [„ნაციონალური მოძრაობა“] შემოხაზეთო. 7 ნოემბრის შემდგომ მოუწოდებდა 5-იანი შემოხაზეთო, კარგად მახსოვს, ბატონი კალაძე!
„იმედის“ საქმე – კატასტროფული, უმძიმესი დანაშაული იყო „იმედში“ შევარდნა, ის, რაც იქ მედიასთან დაკავშირებით მოხდა. ამას ვაპროტესტებდი, არამარტო ვაპროტესტებდი, არამედ სამართლებრივ დახმარებას ვუწევდი ხალხს, ვინც, მაშინ „იმედის“ ჟურნალისტები იყვნენ და მე, დღეს, მეუბნებიან, არ დაგმეო. მე მეუბნებიან, რა პარტიას ეუბნებიან, ეუბნებიან ბადრი ჯაფარიძეს და ყველას და მითხარით, რომელი იყო მაშინ, იქით მხარეს? რომელმა არ დაგმო ან რომელმა გაამართლა იქ ქმედებები?“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
