საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ივნისში, ბიზნესმენ ჯუსტალი ისიანის კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ₾465 000-იანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო, 2 თვის შემდეგ, 3 აგვისტოს კი ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.
“2026 წლის 3 აგვისტოს ჯუსტალი ისიანმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო. მანამდე, 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს მშენებელი 2018-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტენდერში მშენებელი 2018 ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ჯუსტალი ისიანი კომპანიის 100%-იანი მფლობელია.
ტენდერის პირობით, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. მშენებელი 2018-მა ეს მოთხოვნა იმ სამუშაოებით დააკმაყოფილა, რომლებიც 2024–2025 წლებში თავად ქუთაისის მერიის სამ ხელშეკრულებაზე ქვეკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა. მერიამ ეს ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან გააფორმა და სამივე შემთხვევაში მშენებელი 2018-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე თანხმობა გასცა. სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო”. – წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, ქუთაისის მერიას ჯუსტალი ისიანის კომპანიისთვის შესყიდვის კონტრაქტები პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული.
“2022–2024 წლებში ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების 6 კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, მათი ჯამური ღირებულება 423 468 ლარია. მათგან ხუთის (419 786 ლარი) საფუძვლად მერიამ „გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება“ მიუთითა.
აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს მშენებელი 2018-მა მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მიიღო, რომელიც 29 მაისს უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო”. – წერია TI-ს განცხადებაში.
