“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და 4 შვილის დედის, ქალი პოლიტიკოსის გათავისუფლება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
დეკანოიძის თქმით, “დროა”-ს ლიდერი უკვე თავისუფალი უნდა იყოს იმიტომ, რომ მას არანაირი ბრალი არ აქვს, რადგან არაფერი არ ჩაუდენია და უნდა გათავისუფლდეს სამართლებრივად.
ის [ელენე ხოშტარია] უნდა იყოს თავისუფალი. რად უღირთ, რომ ელენე არის ციხეში. სულ რამოდენიმე თვე დარჩა მე მგონი მას, თუ რაღაცა ბრალი კიდე არ დაამატეს და კიდე რაღაც მორიგი სასოწარკვეთილი ნაბიჯი არ ჩაიდინეს. ამიტომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. [კახა] კალაძესთან მიმართებაში მე არ ვსვამ საერთოდ კითხვებს.
ის [ხოშტარია] უკვე თავისუფალი უნდა იყოს იმიტომ, რომ მას არაფერი ბრალი არა აქვს, არაფერი არ ჩაუდენია. ეს გათავისუფლება უკვე სამართლებრივად დამდგარი უნდა იყოს.
[ჩემი მიმართვის ადრესატია] ყველა, ვის ხელშიც არის ახლა კრიმინალური იუსტიცია და მართლმსაჯულების ყველა რგოლი, ეს კი არის ბიძინა ივანიშვილის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა, ესეთი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია ქალთა ციხიდან კვლავ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. “სანდო წყაროს” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხოშტარია ეტლით გადაადგილდება.
„დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლემონჯავას თქმით, თოდუას კლინიკაში ელენე ხოშტარიას კონკრეტული კვლევები უტარდება.
პოლიტიკოს ქალს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას 1.6 წელი მიუსაჯეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის.
მაშინ ხოშტარიამ სტუდენტს მეგი დიასამიძის სოლიდარობა გამოუცხადა და ბანერზე ფლომასტერით დაწერა – „რუსული ოცნება“.
