ივანიშვილის მერი, კახა კალაძე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლების აღებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში მოსახელობისგან შესდიოდათ წერილები და ზარები, რათა მოეწესრიგებინათ აღნიშნული ტერიტორია, რადგან ვერ ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას, იყო ანტისანიტარია და მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე.
კალაძის ინფორმაციით, მოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა უშედეგოდ. კალაძე აცხადებს, რომ მათთვის ამ ადამიანების ბედი სულერთი არ არის.
“ყველამ მე მგონი ძალიან კარგად იცის, რომ გარევაჭრობა არის აკრძალული, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი. ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი წერილი, სატელეფონო ზარი მოსახლეობის მხრიდან იყო გაკეთებული, რომ მოგვეწესრიგებინა მარჯანიშვილის მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაბრკოლების გარეშე გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად ანტისანიტარიაზე და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე. […]
რაც შეეხება მოვაჭრეებს, მათ, რა საკვირველია, არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა ამ გაფრთხილებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, სამწუხაროდ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის ყველაფერი და შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით, ჯანდაცვა, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგონა და მხარდაჭერა.” – განაცხადა კალაძემ.
ივანიშვილის მერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან გვერდში დაუდგნენ ყველას, ვისაც ეს სჭირდება და მათი მიზანი არ არის მოქალაქეების შემოსავლის გარეშე დატოვება. შესაბამისად, კალაძის ცნობით, მოძებნეს კონკრეტული სავაჭრო სივრცეები – ქალაქის გული და თერგი – სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეები შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.
“შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ასევე მესმის იმ ადამიანების, ვინც, მაგალითად, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იყვნენ თავიანთი საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა, ეს არ არის ჩვენი მიზანი, პირიქით, გვინდა, რომ ყველანირად დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ასევე ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე და ადგილი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული.
ეს არ ეხება მხოლოდ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას. ზოგადად, საუბარი მაქვს ქალაქში გარევაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენს დამოკიდებულებაზე. შესაბამისად, აღკვეთი ღონისძიებების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ სამუშაო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ უბრალოდ ისე ვტოვებთ ამ ადამიანებს, უბრალოდ მოვასუფთავეთ არსებული ტერიტორია და ამ ადამიანების ბედი არ გვაღელვებს, როგორ გააგრძელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას. ეს ასე არ არის. არის კონკრეტული სივრცეები, რომელიც მოძიებულია, მაგალითად, ასეთი სავაჭრო ადგილები გახლავთ ქალაქის გული და თერგი. მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ ამ სავაჭრო სივრცეში შესვლა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.” – ამბობს კახა კალაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც კალაძემ თქვა, მერია გეგმავს მარჯანიშვილის მოედნის “რეაბილიტაციას, განახლებას, მთლიანად მოწესრიგებას,” რაც ახლო მომავალში დაიწყება.
