5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და 29 ოქტომბრის პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
