პუტინისტმა ბიზნესმენმა და ღიად პრორუსული პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ მოსკოვში დააფუძნა ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი. ფიფია ფონდის ხელმძღვანელია.
დაფუძნებაში მონაწილეობას იღებდა სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი ფარცხალაძე.
დაფუძნების ღონისძიებაზე ფიფიამ ერთ-ერთ მიზნად რუსეთში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების საზოგადოებაში “ინტეგრაცია” დაასახელა. მისი მტკიცებით, მათ “ქართული ლიბერალური მედია წამლავს”. “არის ლოიალურობის პრობლემა რუსეთის ხელისუფლების მიმართ,” – თქვა ფიფიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ფონდის მიზანი იქნება “არასწორ გზაზე მყოფი ხალხის” რუსეთისკენ “შემობრუნება”.
დაფუძნებული ფონდი საკუთარ მიზნად რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ისახავს. ამასთან დაკავშირებით მათ მიმართეს ვლადიმირ პუტინსა და ქართულ ოცნებას. სხვა შეთავაზებულ წინადადებებს შორისაა საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობა, რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე, ასევე ჯორჯიან ეარვეისის ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც.
