კამათი იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლე ევა გოცირიძეს უთხრა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სარჩელი სათანადოდ არ ჰქონდა შესწავლილი.
ეს შეფაება კოპალეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გოცირიძემ იკითხა, არსებობს თუ არა სამართლებრივი ტერმინი “პარლამენტში შეჭრა”.
“შეიძლება, რაღაც ვერ გავიგე და დავაზუსტე, ნუ ეძებთ შავ კატას იქ, სადაც არ არის… თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული,” – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.
