საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს პლენუმს მოუწოდა, რომ არ დააკმაყოფილოს აღნიშნული სარჩელი, რადგან მმართველი პარტიის მოთხოვნა თითქმის მთლიანად ეყრდნობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოსარჩელეების მიერ არის დაწერილი.
„ეს მასალა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად და ამისგან დამოუკიდებლად მოსარჩელის საკუთარი მტკიცებაა და არა მტკიცებულება. ფაქტები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეიძლება რომ დადგინდეს, რომელიც არცერთი მოპასუხის მიმართ არ არსებობს.
სარჩელი არ ასაბუთებს მოპასუხისთვის მიკუთვნებად არცერთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს ქმნიდა. მოპასუხე მასში ფიგურირებს სხვების ქმედებების კოლექტიური მიკუთვნებით, ორი ლიდერის ბიოგრაფიით, ერთი განცხადების მინიშნებით და კონსტიტუციური უფლების გამოყენებით“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
მისი თქმით, პარტიის აკრძალვა ზღუდავს ამომრჩევლის ძირითად უფლებებს, ხოლო სარჩელში მოყვანილი არგუმენტები (არჩევნების შედეგების არაღიარება, საპარლამენტო ბოიკოტი და მანდატებზე უარი) ევროპული სტანდარტით დაცული პოლიტიკური საქმიანობაა და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
“პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც ეხება, როგორიც არის ხმის მიმცემთა უფლების შეზღუდვა – მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია გაქრება პოლიტიკური ველიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი აკრძალვის შემთხვევაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ თავისვე განცხადების შესაბამისად კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს. თითოეული მოპასუხის საქმე, ცალ-ცალკე შეაფასოს და 2004-2008 წლების სახელმწიფო პოლიტიკაზე ფაქტობრივი დასკვნებისგან თავის შეიკავოს”- თქვა კოპალეიშვილმა.
კოპალეიშვილი ამბობს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს“ გახსნის.
