საქართველოს მთავრობა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 70 ერთეულ ავტობუსს ყიდულობს – შესაბამისი ტენდერი ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 494 570 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ერთეული ავტობუსის ღირებულება 521 351 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბრის 16:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტია ქარხნული წარმოების, M3 კატეგორიის, პირველი კლასის დაბალიატაკიანი (Low Floor) საქალაქო ავტობუსები.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ახალი (არაუადრეს 2026 წლის გამოშვების), ექსპლუატაციაში არმყოფი (მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 2 000 კმ), ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი, განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
რა ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ავტობუსები:
როგორც ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, ტრანსპორტის სიგრძე არანაკლებ 8 და არაუმეტეს 9 მეტრისა უნდა იყოს, სიმაღლე კი არ უნდა იყოს 2.8 მეტრზე ნაკლები. თითოეული ავტობუსი გათვლილი უნდა იყოს მძღოლის გარდა არანაკლებ 50 მგზავრზე (მათ შორის არანაკლებ 21-25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი, საიდანაც მაქსიმუმ 4 გადმოსაშლელი სკამია).
ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის. სატრანსპორტო საშუალებებში გამოიყოფა სპეციალური სივრცე ეტლისთვის, უსაფრთხოების დამჭერებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ხოლო უკანა კართან დამონტაჟდება 300 კგ ტვირთამწეობის მექანიკური პანდუსი (ECE R107 სტანდარტი).
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანსპორტი აღჭურვილი იქნება დიზელის ძრავით (არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის), რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 130 კვტ-ია, ხოლო საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 130 ლიტრს შეადგენს.
სალონი აღიჭურვება -15°C-დან +45°C-მდე კლიმატურ პირობებზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემით, მობილური ტელეფონების დამტენი სულ მცირე 10 ერთეული USB პორტით, 19-ინჩიანი შიდა LCD მონიტორითა და სამი ციფრული საინფორმაციო დაფით.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსების მიწოდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ქალაქ რუსთავში უნდა განახორციელოს.
