„როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიცია აკრიტიკებს. “ქართული ოცნების” ოპონენტები გადაწყვეტილებას სახიფათოდ აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით საქართველო რუსეთის ეკონომიკურ გავლენაზე კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსი სპეციალისტების მოწვევას მოსკოვთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშნად მიიჩნევს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება არა მხოლოდ ქართული კონტროლის სისტემის მიმართ ნდობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს.
“ეს არის კონკრეტული ნაბიჯი ანუ იმის დასტური, რომ ეს დიპლომატიური, ეკონომიკური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, იმიტომ, რომ საჯაროდ გამოდის ეს ინფორმაცია, საჯაროდ არის მოლაპარაკებები, საჯაროდ კარგავს მიწვევას ქართული მხარე. როგორ შეიძლება, რომ საქართველოში მოიწვია რუსი ექსპერტი, რომელსაც უფლებას აძლევ შენ, შეამოწმოს ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია. ეს რას ნიშნავს? რომ საქართველო არ ენდობა იმ კანონმდებლობას და იმ სურსათის უვნებლობის წესებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დადგენილი. ასევე ეს არის ძალიან სერიოზული საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო ჩამოსაკიდებლად გადადგმული, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს როგორც შანტაჟის ბერკეტი და ეს გამოიყენა ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ზუსტად საქართველოში წარმოებული პროდუქციის ემბარგოთი”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს თეონა აქუბარდიაც. მისი განცხადებით, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, ქართულ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე წვდომა შერჩევითად შეუზღუდოს და ეს ბერკეტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
“აჩენს იმის რისკს, რომ შერჩევით შეეძლება რუსეთს თავის ბაზარზე დაშვება ან გაუქმება ისე, რომ დაცვის მექანიზმი სახელმწიფოს არ ექნება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ დასავლური ინტეგრაციის გაყინვის ფონზე, რუსეთი ამას უფრო მძალვრად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნით სრულიად საქართველოს დასამორჩილებლად და დამოკიდებულების ზრდის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის, რაც საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამ საფრთხის განეიტრალებას არათუ ახდენს “ქართული ოცნება”, არამედ კიდევ უფრო დამატებით საფრთხეებს ქმნის ამ ფონზე”, – ამბობს თეონა აქუბარდია.
„როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები საქართველოში ჩამოდიან, რომ ადგილზე შეამოწმონ ქართულ ლაბორატორიები, ამის შესახებ რუსული მედია იუწყება .
“მომავალ კვირაში „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები გაეცნობიან საქართველოში ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემას, ასევე ჩაატარებენ იმ ლაბორატორიის აუდიტს, რომელებიც რუსეთში გასაგზავნ მცენარეულ პროდუქციას ამოწმებენ”, – წერს რუსული მედია, „როსსელხოზნადზორზე“ დაყრდნობით.
“ეს ვიზიტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით შედგება და მიმართულია საკარანტინო საქონლის კონტროლის ერთიანი მიდგომების შემუშავებისკენ”,- განმარტავენ მოსკოვში.
რუსეთმა 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოდან 70,5 ათასი ტონა ხილ-ბოსტნეულის პროდუქცია შეიძინა.
