პროკურატურის გამომძიებლებმა პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკითხეს. როგორც დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მის შვილს ადგილზე ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
„რამდენიმე წუთია, რაც „ვივამედის” ტერიტორია დატოვეს [გამომძიებლებმა]. ექსპერტიც იყო, ჩაატარა ექსპერტიზა. მისი დაზიანებები შეამოწმეს. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენმა ადვოკატმაც არ გააკეთა კომენტარი იმიტომ, რომ ახლა ეს არ შეიძლება, რათა გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. მგონი, უკვე მიღწევაა ის, რომ საქმეში გენერალური პროკურატურაა ჩართული.
მანამდე იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ამ უწყების წარმომადგენლებმა უბრალოდ აიღეს „ფორმა 100” და ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
დღეს კლინიკაში [დავით ფეიქრიშვილს] ჩაუტარდა ფილტვების გამოკვლევა. ცოტა სითხეა ფილტვებში. მიმდინარეობს მეთვალყურეობა, კონსილიუმებიც ტარდება, არაფერი არ აკლია, კლინიკის ხელმძღვანელობაც ჩარეულია. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა და იმედია, რომ გამოჯანმრთელდება”, – განაცხადა აბრამიშვილმა.
