რას ეფუძნება საკონსტიტუციო სარჩელი – მომხსენებელმა სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეთა მოხსენება წაიკითხა.
ვასილ როინიშვილმა ვრცლად განმარტა, რას ეფუძნება 88 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებული სარჩელი N1979.
უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნა განპირობებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის დარღვევით. სარჩელში საუბარია პარტიების კოორდინირებულ ქმედებებზე.
“კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებით გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმით და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კი გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთიანი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ. ქმნიდნენ საერთო მისწრაფებებს, მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში, 2004-12 წლებში მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, რაც გასცდა ერთეულ შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
ყოველივე ეს დასტურდება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, დაუპირისპირდნენ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძვლებს, რის გამოც მოსარჩელე მხარე – საქართველოს პარლამენტის წევრები მოითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი”, – აღნიშნულია მოსარჩელე მხარის მოხსენებაში.
