საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ციხეში სავარაუდო ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ვატო ყიფიანი და კაწრო პენიტენციურ დაწესებულებაში სწორედ ფეიქრიშვილებთან ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით შეუშვეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბებაში, უმუშევრობასა და სოფლების დაცლაში დაადანაშაულა.
ასეთი კაცი, რომელიც კრიმინალით მოვიდა, ბუნებრივია, კრიმინალით მართავს და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როდესაც ფეიქრიშვილები, ორი კრიმინალი ძმა, თვალში არ მოუვიდა მას და მის ოჯახს, უთხრა მეორე კრიმინალებს – ვატო ყიფიანს და კაწროს, ახლა თქვენ მიხედეთო. იმათმა უთხრეს, რა პრობლემაა, შეგვიშვით ციხეში, მივხედავთო. დადგეს კადრები, ვითომ ქვეყანა დებილებისგან შედგება და ჩალით არის დახურული, ვერავინ მიხვდებოდა, ესენი დაიჭირეს ხელის ლოყაზე წაცაცუნებისთვის, ეს ვატო ყიფიანი და კაწრო, შეუშვეს ციხეში, რათა გასწორებოდნენ ფიზიკურად იმ ფეიქრიშვილებს, ივანიშვილის მოკითხვა გადასცეს.
საქართველოში არის კატასტროფა. მთელი სოფლები დაცლილია, ეს ხალხი წამოსულია. საქართველოს სოფლების უმეტეს ნაწილში რძეს ვერ იყიდი ვერავისგან, მეწველი ძროხა აღარ დარჩა, სამაგიეროდ, საძვრები შემოღობილია, ეს ხალხი ჩამოსულია ქალაქში, ტაქსაობს, იმიტომ, რომ ნორმალური სამუშაო ადგილი აქ არ არის, ქირით ცხოვრობს და ემზადება იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გავიდეს ვარშავაში, იტალიაში თუ საბრძნეთში.
ხალხში არის კოგნიტიური დისონანსი, იმიტომ, რომ დაჰყურებს საჭმელს სუპერმარკეტში ან ბაზარში, სჭირდება, მაგრამ ვერ ყიდულობს. უყურებს წამლებს, სჭირდება, მაგრამ ვერ ყიდულობს.
გაზიზინებული, გალოკილი ჩემს მიერ ქვეყანა, განვითარებული, წარმატებული, რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო?! ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი და სახე ჩაგაყოფინოთ თქვენივე მოსაქმებულში?!, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
