გამოძიება ზოგადად ამ თემაზე მიდის – ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ! – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციის სახით მიმართვას ეხებოდა იმის თაობაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდეს.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა პროკურატურის რეკომენდაცია იმას, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში მართლაც მოხდა პატიმრის შეშვება და მასზე ძალადობა, რის უკანაც სწორედ პატარიძე დგას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ამას არ ნიშნავს.
„არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამის დადასტურება. იმის დადასტურებაა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუ რაიმე საჭიროა მისთვის ამ პროცედურების საწარმოებლად, შეიძლება მიმართოს. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ნაწილიც არის პროკურატურა, არის დამოუკიდებელი, მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული. ჩვენ თუ რაიმე პროცედურული საკითხი გვაქვს, კანონებით ვსაუბრობთ ამაზე, საპროცედურო კანონმდებლობის შესწორებებით. დანარჩენი უკვე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების საკითხია. მე ამ საკითხების საქმის კურსში არ ვარ და არც შეიძლება ვიყო ინფორმირებული ასე დეტალურად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”
“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, – განაცხადეს უწყებაში.
