ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება სარჩელის საფუძვლიანობაში.
„თავად ეს პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. პირიქით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად და თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, გაეჭიანურებინა პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას.
„ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აშკარად ცდილობენ, უკვე წინმსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი პირიქით, ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
