ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული. მისი თქმით, ამას ირაკლი კობახიძის განცხადებაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პარტიების აკრძალვამდე „დღეები დათვლილია“.
კუპრაძე პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიმართ ნდობას ეჭვქვეშ აყენებს.
„სამი დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, მიმდინარე პროცესი, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია. ეს დაადასტურა ე.წ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ პარტიების აკრძალვამდე დღეები დათვლილია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აწარმოებს, „არაქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე. ის პლენუმი, რომელიც შემადგენლობისა და ნდობის თვალსაზრისითაც უკვე არის დაკოჭლებული“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
