“ძალიან ბევრს გავიღებდი იმისთვის, რომ მისთვის ის “ოქროს ბურთი“ მიენიჭებინათ, რომელსაც ყველაზე მეტად იმსახურებს” – ამის შესახებ იტალიელი ნეირობიოლოგიის დოქტორი, ალფონსო მარტინისი სოციალურ ქსელში წერს და ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავს ოდას უძღვნის.
“თითქოს ეს ყველაფერი სპეციალურად მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ უამინდობის ტალღამ ევროპის უდიდესი ნაწილი მოიცვა. თითქოს ეს განუწყვეტელი წვიმაც საგანგებოდ მოვიდა, რათა კიდევ უფრო სევდიანი გაეხადა ამბავი, რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა სამშაბათ საღამოს ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.
და აქ არანაირი გაუგებრობა არ უნდა არსებობდეს: ხვიჩა კვარაცხელია 2025-2026 წლების სეზონში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ესპანეთის ნაკრებმა საოცარი სიმფონია შექმნა – ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომ საფრანგეთსაც კი აჯობა, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც უფრო მეტი სახელოვანი ფეხბურთელი ირიცხებოდა, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი არაერთი დიდი ვარსკვლავის დახმარებით მოიგო.
თუმცა, ინდივიდუალურად, ვერც ახალგაზრდა ვარსკვლავმა იამალმა და ვერც “ოქროს ბურთის“ ყოფილმა მფლობელმა როდრიმ ვერ შეძლეს მთელი წლის განმავლობაში ისეთი გავლენის მოხდენა, როგორიც ქართველმა მოახდინა.
ლეო მესის, მარადიული ლეგენდის, უკანასკნელი დიდი გამოსვლა – რომელიც სპორტული გამძლეობითა და გავლენიანი წრეების კეთილგანწყობით მისი სახელოვანი, ხუჭუჭთმიანი წინამორბედისგან ასე განსხვავდებოდა – ობიექტურად უმაღლესი დონის წარმოდგენა იყო. მაგრამ მან მსოფლიოს უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ისეთი სტაბილურობით ვერ გაიტანა გოლები და ვერ გააკეთა საგოლე გადაცემები, როგორც ეს აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა, აბურდულწვერიანმა ბიჭმა შეძლო.
ვფიქრობდი, რამდენად მიყვარს ეს ფინტების დიდოსტატი, ჩამოწეული გეტრებით. დიახ, ნამდვილად მიყვარს. ნაპოლის დატოვების შემდეგაც კი სიყვარულით ვადევნებდი თვალს მის თამაშს, მიხაროდა მისი გოლები, აღტაცებაში მოვყავდი მის ჯადოსნურ მომენტებს. მზად ვიყავი, თავიც კი საფრთხეში ჩამეგდო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ანგარიში უკვე 4:0 იყო, მე – რომელსაც “ინტერის“ თავგადაკლული გულშემატკივარი ქალი უყვარს და ევროპაში იტალიურ გუნდებს ვგულშემატკივრობ (ერთის გარდა…) – ვერ შევიკავე სიხარული, როცა ჩემმა ფავორიტმა წლის უმნიშვნელოვანეს მატჩში სწორედ შავ-ლურჯი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა გოლი.
დღეს კი ძალიან ბევრს გავიღებდი იმისთვის, რომ მისთვის ის “ოქროს ბურთი“ მიენიჭებინათ, რომელსაც ყველაზე მეტად იმსახურებს.
მაგრამ, მეორე მხრივ, მან ეს ყველაფერი საკუთარი თამაშით დაიმსახურა.
მარადონა არ მინახავს – ყოველ შემთხვევაში, ცოცხლად, სტადიონზე. არასდროს განმიცდია ის სიხარული, როცა ყოველ კვირას ელოდები მატჩს და იცი, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე ლურჯი მაისურით გამოვა. თუმცა, მე ვნახე ის, რაზეც თქვენ, ადამიანებს, წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ – იმ მარცხენა გარემარბის წყალობით, რომელიც, როგორც ბევრი ამბობდა, ჯორჯ ბესტს მოგაგონებდათ. ის ნაპოლიში ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩამოვიდა, ჯერ ჩვენი გულები დაიპყრო, შემდეგ კი – მთელი იტალიის.
ვნახე, როგორ შეაგდო ბურთი მოჭრილი დარტყმით მარჯვენა კუთხეში “მარადონას“ სტადიონზე ჩატარებულ თავის პირველივე მატჩში. ვნახე, როგორ დაარტყა ერთ-ერთი ულამაზესი დარტყმა ფეხბურთის ისტორიაში, როცა ზიდანის სტილში დატრიალების შემდეგ “ლაციოს“ უიღბლო მცველი მოატყუა. იმ დროს ყველა გაოცებული ვფიქრობდით: “ეს ვინ ჩამოვიდა ასეთი?!“
ვნახე, როგორ გაანადგურა კლოპის “ლივერპული“, რომელიც იმ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ფინალისტი იყო – დრიბლინგის შემდეგ დრიბლინგით. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ რამდენიმე დღით ადრე დასმულ კითხვაზე პასუხს – ის თბილისიდან კი არა მარსიდან იყო.
ვნახე, როგორ გაგზავნა ბურთი იუვენტუსის კარში ფეხის შიდა ნაწილით, იმ ადამიანის თავდაჯერებით, რომელმაც იცის, რომ მოედანზე დომინირებს.
ვნახე, როგორ ეფერებოდა ბურთს მარჯვენა ფეხით, ისევ და ისევ, როგორ გამოიყვანა წყობიდან მთელი “ატალანტა“ და ბოლოს როგორ გაგზავნა ბურთი კარში. იმ საღამოს ნაპოლის მესამე სკუდეტო, ფაქტობრივად, უკვე მოგებული ჰქონდა.
ვნახე, როგორ ტიროდა მერეტთან ერთად, როცა ეს ტიტული საბოლოოდ მართლაც მოვიგეთ.
და 2023 წლის 4 მაისის ის ცრემლები წვიმაში არ უნდა დაიკარგოს. ეს შეუძლებელია – ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და, ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანისთვის. მან ბევრი სიხარული არ გვაჩუქა, მაგრამ როცა ეს სიხარული მოვიდა, მისი განცდა წარმოუდგენლად მძაფრი იყო.
ნაპოლის მესამე სკუდეტო ვიქტორის ნიღაბთან და სპალეტის პრიალა თავთან ერთად, თუ უფრო მეტად არა, სწორედ ხვიჩას წვერსაც უკავშირდება.
მე ეს არ დამვიწყებია და ვერასდროს დავივიწყებ. არც მას დავვიწყებივართ ჩვენ – ამის დასტურია ის, რომ ყოველ შესაძლებლობაზე ნაპოლიში გატარებულ სეზონებს გულწრფელი ღიმილითა და დიდი სიყვარულით იხსენებს.
ამიტომ, წინ, ხვიჩა! მალე გამოჯანმრთელდი.
დაბრუნდი და ისევ ყველას გაუმასპინძლდი შენი დრიბლინგებით, ჩამოწეული გეტრებით. დაბრუნდი და ისევ გაიტანე საოცარი გოლები.
ისინი, ვისაც შენი ზურგზე გამოსახული შვიდიანის გამო კიდევ უფრო მეტად შეგვიყვარდი, დამიჯერე, აქ დაგელოდებიან – და შენთან ერთად ისევ გაიხარებენ”, –
