მიიღო თუ არა რომეო მიქაუტაძემ საპროცესო შეთანხმება მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, თუ კიდევ სხვებსაც დაადო ხელი? – ეს კითხვა “ტვ პირველმა” დაცვის და ბრალდებსი მხარეებს დაუსვა.
ეკონომიკის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ მიქაუტაძის მხრიდან არანაირი დამატებითი პირი არ ყოფილა დასახელებული -” უფრო მეტსაც გეტყვით, დამატებით მიქაუტაძე არავის არ დაუკითხავს”
“დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძესთან, რომლის საფუძველზე მას განესაზღვრა 5 წლით ტავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, 2 წელი კი იქნება პირობითი მსჯვარი. დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. საკმაოდ დიდი ხანია ამაზე მიდის მოლაპარაკება, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეთანხმდა და დაზუსტდა ეს პირობები. თავად ესწრებოდა ცხადია პროცესს. პირობები რაც იყო შეთანხმების ასახულია საპროცესო შეთანხმებაში, სხვა რაიმე დამატებითი პირობა არ ყოფილა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება საპროცესოს შეთანხმების გაფორმება კანონის მიხედივთ, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. არანაირი დამატებითი პირი არ ყოფილა დასახელებული და უფრო მეტსაც გეტყვით, დამატებით მიქაუტაძე არავის არ დაუკითხავს”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, დღეს პროკურორმა ირაკლი მარშანიამ არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება.
პროკურორი: მე კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ითანამშრომმლა გამოძიებასთან, თუმცა სხვა რომელ საქმეზე მოხდა ვერ გეტყვით.
დამაზუსტებელი კითხვა: ანუ არ გამორიცხავთ რომ სხვა საქმეებზეც ჰქონდეს მიცემული ჩვენებები რომეო მიქაუტაძეს?
პროკურორი: ვერ გეტყვით, სხვა საქმესთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ.
ფულის გათეთრებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ასეთია პროკურატურის პირობები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.
მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, მიქაუტაძემ “აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია და აანაზღაურა ზიანი”.
ექს-მაღალჩინოსანს ასევე დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩამოერთვა ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.
