რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გენეტიკური კვლევების თანახმად რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
„რა უნდა ვთქვათ, ბოლო გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ერთი ხალხია – რუსები და უკრაინელები. თუ ვინმეს სხვაგვარად სურს აზროვნება, სხვაგვარად ფიქრი, კარგი, ჩვენ ამას ვეთანხმებით. ასეთია რუსეთის ისტორიული განვითარების გზა, ასეთია დღევანდელი რეალობა. თუმცა, ყველაფერზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე იყო.
„ჯერ კიდევ 2014 წელს ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთთან შეთანხმებას მიაღწიოთ. არა – მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. არა, ამაზე უარი თქვეს. შემდეგ, დონბასში ხალხის დაცვის მიზნით ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე, მათ კიდევ ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე, მოდით, შევთანხმდეთ. არა, ვიომებთო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
